“ბიზნესის დაწყებისას ყველაზე მთავარია, იყო მზად სიძნელეებთან გასამკლავებლად, რადგან ეს გზა ყოველთვის გამოწვევებით არის აღსავსე. სურვილი, რწმენა და მკაცრი დისციპლინა არის ის, რაც წარმატების მიღწევაში გვეხმარება.” - ამბობს ელენე ბიბილეიშვილი, კომპანია Hapttic-ის აღმასრულებელი დირექტორი.
Hapttic აშშ-ის ბაზარზე დაფუძნებული Software კომპანიაა, რომელიც საქართველოში Noxtton-ის ბაზაზე შეიქმნა. ეს არის ციფრული მედია მონიტორინგის ხელსაწყო, რომელიც ბრენდებსა და ინდივიდუალებს საშუალებას აძლევს მარკეტინგული კვლევის, ბრენდის ცნობადობის გაზომვისა და კონკურენტების ანალიზის პროცესები უმოკლეს დროში უმარტივესად წარმართონ. დღესდღეობით Hapttic 50-ზე მეტ მსხვილ ქართულ და საერთაშორისო კომპანიას ეხმარება მარკეტინგული პროცესების გამართვაში. კომპანია სომხეთის ბაზარზეც ოპერირებს.
„დღეს ინტერნეტსივრცეში ყოველდღიურად დაგენერირებული უზარმაზარი რაოდენობის ინფორმაციის კვალდაკვალ, ბიზნესებისთვის განსაკუთრებით დიდი გამოწვევაა ამ ინფორმაციის სწორად დამუშავება და მათგან მიღებული ტრენდების საფუძველზე სწორი ქმედითი ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა. სწორედ მონაცემებზე დაყრდნობილი (Data-Driven) მარკეტინგული პროცესების წარმართვის შეიქმნა Hapttic”,- ამბობს ელენე ბიბილეიშვილი.
ბავშვობის გატაცება, რეკლამებისადმი გამორჩეული ინტერესი და ტექნოლოგიებისადმი სიყვარული მისი პროფესიის ინსპირაციად იქცა - სკოლის დასრულების შემდეგ მარკეტინგის სფეროში შეაბიჯა და მას შემდეგ არც ერთი დღე საყვარელი საქმის გარეშე არ გაუტარებია.
მისი სამუშაო გამოცდილება LC Tbilisi-ში დაიწყო, სადაც როგორც ციფრული მარკეტერი კომპანიის სხვადასხვა ციფრული არხის კომუნიკაციების მართვაში მონაწილეობდა, შემდეგ სხვადასხვა ინდუსტრიაში გამოსცადა თავი - საგანმანათლებლო სფერო, HoReCa, Retail, საავტომობილო მიმართულებები, ტექ.სფერო და ა.შ. 2022 წელს საკონსულტაციო მიმართულებით მართავდა “სუფთა სახლის” ციფრული მარკეტინგის გუნდს ელექტრონული კომერციის ხაზზე. წლებია ჩართულია ქართული ტექნოლოგიური კომპანიის Noxtton-ის ციფრულ მარკეტინგულ სერვისებში, რომლის ფარგლებშიც ტექნიკური მარკეტინგის და მონაცემებზე დაყრდნობილი ციფრული მარკეტინგის ანალიტიკური ხელსაწყოების დანერგვას უდგას სათავეში.
ამ ყველაფრის პარალელურად, აქტიურად არის დაკავებული საგანმანათლებლო საქმიანობითაც. მოწვეული ლექტორის პოზიციას იკავებს ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში, სადაც პირველად ქართულ ბაზარზე ტექნიკური მარკეტინგის საავტორო კურსი შექმნა “ციფრული მარკეტინგის ტექნიკები და ანალიზი”. ასევე კითხულობს ციფრული მარკეტინგის ლექციებს ბიზნესისა და ტექნოლოგიებისა (BTU) და კავკასიის (CU) უნივერსიტეტებში. აქვს საერთაშორისო ტრენერის ლიცენზია ციფრული მარკეტინგის მიმართულებით და აქტიურად არის ჩართული ამ საქმიანობაშიც.
„ვფიქრობ, ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა ორ მიმართულებად შეიძლება ჩაიშალოს: პირველი ეს არის საყვარელი პროფესიის პოვნა; პროფესიის რომელიც პირველივე დღიდან განსაკუთრებით შემიყვარდა, ხოლო მეორე ამ სიყვარულით გაკეთებული საქმის შედეგები: Hapttic-ის შექმნა, Ad Summit-ის (პირველი ქართული ციფრული მარკეტინგული პლატფორმის/ქომუნითის) დაარსება და საგანმანათლებლო სფეროში შებიჯება“,- ამბობს ელენე.
განათლება საფრანგეთში, ლილის უნივერსიტეტში, მიიღო სოციალური მეცნიერებების მიმართულებით ციფრული მარკეტინგის კონცენტრაციით.
შემდეგ სწავლა განაგრძო მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ “ალტერბრიჯში” PR, Marketing-ისა და კომუნიკაციების მიმართულებით.
ელენე ბიბილეიშვილს სჯერა ქალების შესაძლებლობების და ფიქრობს, რომ მათ უბრალოდ შანსი უნდა მიეცეთ, რათა დაგვანახონ რა შეუძლიათ.
„დღეს, ციფრული ტრანსფორმაციების ეპოქაში მათი როლი და ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა დავარღვიოთ სტერეორიპები, რომლებიც თუნდაც ქალების ტექში ჩართულობას უკავშირდება. პირველ რიგში უმნიშვნელოვანესი ცნობიერების ამაღლებაა, რაც სხვადასხვა ღონისძიებებითა და პროექტებით უნდა შევძლოთ, მეორე მხრივ კი განათლებისა და დასაქმების ხელმისაწვდომობა, რათა მოტივირებულ, ჭკვიან და მონდომებულ ქალებს მეტი შესაძლებლობა მივცეთ, რომ თავიანთი სიტყვა თქვან ნებისმიერ სფეროში“- აღნიშნავს ელენე.