სასტუმროს დიასახლისობით დაწყებული კარიერა, რომელიც სტუმარ-მასპინძლობის სფეროში წარმატებული კომპანიის შექმნით გრძელდება - ასეთია მაია მახათაძის ისტორია ერთ წინადადებაში. ამბავი კი საკმაოდ ვრცელი და საინტერესოა.
მაია მახათაძე დღეს სასტუმროების მართვის კომპანიის „რადარის“ დამფუძნებელი და დირექტორია. ბრენდის სტუმარმასპინძლობის სფერო - ასე პოზიციონირდება დღეს ბაზარზე ერთი წლის წინ დაარსებული კომპანია.
„რადარი“ ორი მიმართულებით მუშაობს: კომპანია ჩართულია პროცესებში სასტუმროებისა და რესტორნების პროექტების დაგეგმარებიდან გახსნამდე - შედეგად დამკვეთებს სერვისებისა და მომსახურების სრულ ციკლს სთავაზობს. უახლოეს მომავალში კი სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიას ახალ ვებ-გვერდს შესთავაზებენ, რომელიც ობიექტებისთვის ასისტენტის ფუნქციას შეასრულებს.
როგორც მაია მახათაძე ამბობს, კომპანიის დაარსებიდან დღემდე პროცესი აღმასვლით მიმდინარეობს და არაერთ საინტერესო ობიექტზე უწევთ მუშაობა, თითოეული დასრულებული პროექტი კი მორიგი წარმატებაა კომპანიისთვის. პროცესში ჩავარდნებიც და გამოწვევებიც არის, თუმცა, მთავარია, რომ „რადარის“ გუნდი მის გამოსწორებას ახერხებს.
სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში მაია მახათაძეს 20-წლიანი გამოცდილება აქვს. მუშაობა „თბილისი მარიოტში“ დაიწყო, რამდენიმე წლის განმავლობაში კი თითქმის ყველა ეტაპი გაიარა. ბოლო 9 წლის მანძილზე სხვადასხვა სასტუმროს გენერალური მენეჯერის პოზიცია ეკავა, გამოცდილების დაგროვების შემდეგ კი გადაწყვიტა, საკუთარი სიტყვა სხვა მიმართულებით ეთქვა და ბიზნესი წამოიწყო.
განათლება თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო, უშუალოდ სტუმარ-მასპინძლობის სფეროში კომპეტენციის გასაღრმავებლად კი უცხოეთში ისწავლა.
ამბობს, რომ ბიზნესის დაწყებისას მთავარია, გქონდეს წარმოდგენა, როგორ უნდა განახორციელო ჩანაფიქრი და არ უნდა შეუშინდე დაბრკოლებებს, რომლებიც პროცესში გამოიკვეთება. მისი თქმით, აუცილებელია, გქონდეს გამოცდილება კარგად იცნობდე სფეროს, რომელში შესვლაც გადაწყვეტილი გაქვს.
მიაჩნია, რომ ქალების როლი ეკონომიკაში გასააქტიურებელია, რადგანაც ქალების მეტ ჩართულობას ქვეყნის გაძლიერებაც მოაქვს. ბიზნესფედერაციაში მისი გაწევრიანების მიზანიც ქალთა გაძლიერება და მათთვის საჭირო უნარების გადაცემაა.