უმოქმედობა ყველაზე დიდი დანაშაულია - ამბობს ხათუნა შუკაკიძე, ბიზნესფედერაცია “ქალები მომავლისთვის” წევრი. ის ასოციციაციაში საკონსულტაციო კომპანია SMBG Service Group-ს წარმოადგენს, სადაც ფინანსური დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა უჭირავს.
SMBG ახალბედა კომპანიაა, რომელიც ბაზარზე სულ რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა. ჯგუფი მომხმარებლებს მომსახურების საკმაოდ ფართო სპექტრს სთავაზობს, იურიდიული, აუდიტორული, ბუღალტრული მიმართულებით, ასევე პროექტების მენეჯმენტისა და ადამიანური რესურსების მართვის კუთხით.
20-წლიანი საკმაოდ მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების შემდეგ SMBG Service Group-ში ფინანსური დეპარტამენტი ჩაიბარა, პარალელურად მუშაობას აგრძელებს ორ სხვადასხვა კომპანიაში: საფინანსო დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ და ბიზნეს კონსულტანტად. კარიერა ოფის მენეჯერის თანამდებობიდან დაიწყო, იმუშავა ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით, იმპორტის მენეჯერის პოზიციაზე. დღეს კი ორი კომპანიის დამფუძნებელია: SMBG-ის გარდა, ფლობს ექსპორტ-იმპორტის კომპანია „ელლენ ქორფოეიშენ +”-ს.
პროფესიით ინფორმატიკისა და ინგლისური ენის სპეციალისტია. საფინანსო-საბუღალტრო წარმოების სრული კურსიც გავლილი აქვს.
უყვარს საქმე, რომელსაც დღეს აკეთებს და სამომავლო გეგმებიც მისი კომპანიების გაზრდასა და განვითარებას უკავშირდება.
როგორც ხათუნა ამბობს, წლების განმავლობაში ძირითადად მამაკაცების გარემოცვაში მუშაობდა, უმცირესობაში იყო და მუდმივად უწევდა ბრძოლა საკუთარი აზრის გასამყარებლად და თავის დასამკვიდრებლად.
“წლების განმავლობაში ჩამალული იყო ქალების სურვილები და ამბიციები. საბოლოოდ, დადგა დრო და მიეცა ახალ ნიჭსა და შესაძლებლობებს ფართო გზა განვითარებისა და ცვლილებებისთვის. ბევრი მაგალითი გვაქვს, რამდენი რამის შეცვლა შევძელით ქალებმა ერთად დგომით, შესაბამისად, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ერთმანეთის მხარდაჭერით შეცვლით ყველაფერს უკეთესობისკენ. მნიშვნელოვანია, არ დავკარგოთ თავისუფლების შეგრძნება, თითოეულმა ჩვენგანმა გაიაზროს საკუთარი შესაძლებლობები და არ მივცეთ უფლება სოციუმს მოახდინონ ჩვენზე ნეგატიური გავლენა”,- ამბობს ხათუნა შუკაკიძე.
ბიზნესფედერაციაში “ქალები მომავლისთვის” საკუთარ თანამოაზრეებს ხედავს და ფიქრობს, რომ ეს კარგი პლატფორმა იქნება, როგორც საკუთარი ცოდნის, ისე სხვების გამოცდილების გასაზიარებლად.