წევრები
მაია დოლიძე
ICEBERG
დამფუძნებელი, დირექტორი

ქალებისთვის ასპარეზი ახლა იშლება, ისინი იტყვიან ძალიან სერიოზულ სიტყვას თანამედროვე მსოფლიოში - ასე ფიქრობს ბიზნესფედერაცია “ქალები მომავლისთვის” წევრი მაია დოლიძე. ის კომპანია ICEBERG-ის დამფუძნებელი და დირექტორია. მისი ორგანიზაცია მაცივრებისა და ინდუსტრიული კვების ობიექტების დანადგარების იმპორტით და სერვისით არის დაკავებული. სწორედ მაია დოლიძე წარმოადგენს საქართველოში საკმაოდ დიდ თურქულ მწარმოებლებს: UGUR-სა და NURDIL-ს.   

1994 წლიდან ამ საქმეშია. თავიდან ახლობლებს ეხმარებოდა, მოგვიანებით კი დამოუკიდებლად განაგრძო გზა. თურქული კარგად იცოდა, ამიტომ კონტაქტების დამყარება არ გასჭირვებია:  

“თბილისში პირველი სუპერმარკეტი “ლევილი” იხსნებოდა და მათთვის უნდა მიეწოდებინათ მაცივრები. მთხოვეს, რომ თურქულ მხარესთან კომუნიკაციაში დავხმარებოდი. მოლაპარაკებებმა და შემდგომმა პროცესმა იდეალურად ჩაიარა. მალე თურქულმა კომპანიამ მთხოვა, საქართველოში მათი წარმომადგენელი გავმხდარიყავი. ასე დავიწყე მუშაობა ინდივიდუალურად”,- ამბობს მაია დოლიძე.  

90-იანების მიწურულს საკუთარი კომპანია ჩამოაყალიბა სფეროში, სადაც ქალები საერთოდ არ მუშაობდნენ. წლების განმავლობაში საქართველოში მოქმედ თითქმის ყველა დიდ ორგანიზაციასთან ჰქონია შეხება, ისეთ ცნობად სახელებთან, როგორებიცაა: ბორჯომი, ნიკორა, აგროჰაბი, გურჯაანის ნაყინი და ა.შ. თუმცა გზის დასაწყისში ეს ძნელი წარმოსადგენი იყო.  

"მშენებლობას ან რაიმე ახალ ობიექტს დავინახავდით თუ არა, მივდიოდით, ვუტოვებდით ჩვენს პორტფოლიოს. ასე ვემუშავებოდით, ასე მივიზიდეთ ჩვენი მომხმარებლები”,- ამბობს მაია დოლიძე და ამაყია, რომ დღეს მის კომპანიას ბაზარზე საკუთარი ნიშა უჭირავს, სარგებლობს ნდობით და ჰყავს ლოიალური მომხმარებლები.   

“წესრიგი, კეთილსინდისიერება, შრომისმოყვარეობა და მომხმარებლისა და ქარხნის წინაშე პასუხისმგებლობა” - ესაა მაია დოლიძის მიდგომა ბიზნესის მართვის დროს. სჯერა, რომ ბაზარს და კონკურენციას სწორედ ამ ღირებულებების ერთგულების გამო გადაურჩა.   

მაია დოლიძე თურქული ენის სპეციალისტია, განათლება კი მის მშობლიურ ბათუმში მიიღო. ამბობს, რომ ამ გადასახედიდან, არაფერს შეცვლიდა, რადგან თითოეულმა ეტაპმა დიდი გამოცდილება მისცა. ერთი, რაც ზუსტად იცის ის არის, რომ ბიზნესში გარისკვა აუცილებელია.  

“მიზნისკენ სწრაფვა მნიშვნელოვანია. არ უნდა შეგაშინოთ არც ჩავარდნამ და არ უნდა გაგაკვირვოთ არც აღმასვლამ”- ამბობს მაია დოლიძე.