კონკრეტული გეგმებით და მიზნებით სავსე ქალი - ასე ხედავს საკუთარ თავს “ქალები მომავლისთვის” წევრი ქეთა ჯაფარიძე. ის ბიზნესფედერაციაში არასამთავრობო ორგანიზაციას Democracy Index • დემოკრატიის ინდექსი წარმოადგენს.
ძიების ეტაპი დაასრულა და უკვე ზუსტად იცის, საით მიდის, რა უნდა აკეთოს მომდევნო წლების განმავლობაში. აქამდე იყო საჯარო სამსახური და სამეცნიერო სფერო, ახლა კი საქმიანობას არასამთავრობო სექტორიდან აგრძელებს, თანაც ისეთ ფუნდამენტურ საკითხებზე აქცენტირებით, როგორიც სასამართლო და საკანონმდებლო ხელისუფლებების მონიტორინგია.
ქეთა ჯაფარიძე “დემოკრატიის ინდექსი საქართველოს” გამგეობის წევრია და ძირითადად სასამართლოს საკითხებზე მუშაობს. სულ ახლახან ორგანიზაციამ ახალი პროექტი დაიწყო USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამასთან ერთად, რომლის მიზანია, გაარკვიოს ქართულ სასამართლოებში დავების გაჭიანურების მიზეზები, რაც ბიზნესს და ფიზიკურ პირებს განსაკუთრებულ პრობლემებს უქმნის, ქვეყნის იმიჯზე კი უარყოფითად მოქმედებს, ასევე პროექტის ფარგლებში იგეგმება სასამართლო რეფორმატორთა ქსელის გაფართოება და გააქტიურება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქვეყანაში სასამართლო რეფორმაზე მუშაობის პროცესს საერთაშორისო პრაქტიკის გამოცდილებით.
ქეთა ჯაფარიძე პროფესიით იურისტია, გარკვეული პერიოდი სამეცნიერო სფეროსაც დაუთმო და სამართლის დოქტორის ხარისხიც მოიპოვა. მისი სამუშაო გამოცდილებაც მის პროფესიასთან არის დაკავშირებული: 2004-05 წლებში მუშაობდა საადვოკატო ოფისში ადვოკატად; 2006 წელს კი ნავთობის ეროვნული კომპანიის ,,საქნავთობის” იურიდიული განყოფილების მთავარი სპეციალისტი გახდა; აქვს საქართველოს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მუშაობის გამოცდილებაც - 2018-2019 წლებში აქ წამყვანი სპეციალისტის პოზიციას იკავებდა.
დაინტერესებულია გენდერის საკითხებით. მისი სადოქტორო ნაშრომი სწორედ ამ თემას ეხმიანება: ,,მშობლებისა და შვილების პირადი და ქონებრივი ურთიერთობები“, სადაც არაერთ მნიშვენლოვან შეკითხვას სვამს, მათ შორის: რამდენად ფარავს ალიმენტი ბავშვისთვის საჭირო ხარჯებს და რამდენად არის უზრუნველყოფილი ქალების უფლებები განქორწინების შემდეგ, როცა მათ წლები დაუთმეს მეუღლის პროფიულ აღმასვლასა და ოჯახს, თანაც საკუთარი კარიერის გაწირვის ხარჯზე?
”ეკონომიკური დამოუკიდებლობა ყველაზე მნიშვნელოვანია ქალის განვითრებისთვის, ამ სფეროში საკანონმდებლო ცვლილებებიც არის საჭირო”,- ამბობს ქეთა ჯაფარიძე და ამ საკითხების წინ წამოწევას ბიზნესფედერაციის პლატფორმიდან აპირებს.