ნინა კობახიძე ბიზნეს ფედერაციის “ქალები მომავლისთვის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა. ამ პოზიციას 2018 წლიდან იკავებს და წარმოადგენს ბიზნესგაერთიანებას ადგილობრივ თუ საერთაშორისო ასპარეზზე. ადვოკატირებას უწევს ქალთა ეკონომიკური გააქტიურებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებს კერძო და საჯარო სექტორში.
„ქალები მომავლისთვის“ მიღმა, აქტიურად მონაწილეობს უმსხვილესი ბიზნესგაერთიანების „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ საქმიანობაში. 2023 წელს ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრადაც აირჩიეს - შედეგად, ამ დროისთვის ის ერთადერთი ქალია BAG-ის ბორდში.
ნინა კობახიძე არაერთი კომპანიის ტოპ-მენეჯმენტის წევრია საქართველოში, მისი საქმიანობა ძირითადად ფინანსურ, სამედიცინო და სადაზღვევო სფეროსთან არის დაკავშირებული: 2019 წლიდან კლინიკების ქსელ „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას იკავებს; ასევე არის სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ პარტნიორი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. „გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ თავის მხრივ წარმოადგენს ამერიკული სადაზღვევო კომპანიის Global Benefits Group-ის პარტნიორს საქართველოში. ნინა კობახიძე ასევე არის მსოფლიოში მესამე უმსხვილესი საკონსულტაციო, საბროკერო და რისკების შემფასებელი კომპანია Willis Towers Watson-ის პარტნიორი საქართველოში 2011 წლიდან.
მისი საქმიანობა სცდება ქვეყნის ფარგლებს. ნინა კობახიძე ამერიკაში დაარსებული იურიდიული ფირმა EK Law Office PLLC-ის თანადამფუძნებელია; 2019 წლიდან ნიუ-იორკში მდებარე კომპანიის ბიზნესის განვითარების დირექტორის თანამდებობაც უჭირავს. საადვოკატო ბიურო სხვა იურიდიულ სერვისებთან ერთად მიგრანტებს საემიგრაციო საკითხებთან დაკავშირებულ მომსახურებასაც სთავაზობს.
კერძო სექტორთან ერთად საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილებაც აქვს. 2014-2017 წლებში ნინა კობახიძეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება ქვეყნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის, ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება ევროკავშირთან. ასოცირების დღის წესრიგი, მისი იმპლემენტაციის პროცესი და ვიზალიბერალიზაცია - ის საკვანძო საკითხებია, რომლებზე მუშაობაც აქტიურად მოუწია საჯარო მოხელის რანგში. მისი აქტიური ჩართულობით განხორციელდა ასევე ადმინისტრაციული დეპარტამენტის რესტრუქტურიზაციის რეფორმა, მოხდა საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრის მეთოდური გააქტიურება, დაარსდა სოლიდარობის ფონდი და განხორციელდა სტუდენტებთან დაკავშირებული არაერთი სოციალური პროექტი. საჯარო სამსახურში მას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტიც ეკავა.
რაც შეეხება განათლებას, ნინა კობახიძე მაგისტრის ხარისხის მფლობელია სამართალში, ბიზნეს ადმინისტრირებასა და მენეჯმენტში. 2021 წელს კვალიფიკაცია აიმაღლა ჰარვარდის უნივერსიტეტში სტრატეგიული მენეჯმენტის მიმართულებით. სწავლის პროცესს არ წყვეტს და მუდმივად ინტერესდება ახალი სფეროებით, აქტიურად არის ჩართული ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში.