წევრები
ნათია აქულაშვილი
Grant Thornton Georgia
კორპორაციული ამბასადორი

ნათია აქულაშვილი  “გრანთ თორნთონ საქართველოს” კორპორაციული ამბასადორია. მას ფინანსებში საკმაოდ დიდი, 10-წლიანი, გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს წამყვან პოზიციებს იკავებდა საქართველოში არსებულ ტრადიციულ თუ ტექნოლოგიურ კომპანიებში.

„გრანთ თორნთონი“ მსოფლიოს დამოუკიდებელი აუდიტორული, საგადასახადო და საკონსულტაციო კომპანიებს შორის ერთ-ერთი წამყვანი ქსელია, რომელიც 145-ზე მეტ ქვეყანაში 68,000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს; უშუალოდ საქართველოში კი წარმომადგენლობა 2005 წლიდან აქვს და ფეხს უწყობს იმ პროგრესს, რასაც კომპანია გლობალურ ბაზარზე აფიქსირებს. ორგანიზაციისთვის ქალების მხარდაჭერა ერთ-ერთი პრიორიტეტია, ამიტომაც „გრანთ თორნთონი“ არაერთ აქტივობას გეგმავს და ახორციელებს მათ გასაძლიერებლად, როგორც ორგანიზაციის შიგნით ასევე მის გარეთ.

„ბიზნესფედერაციაში „ქალები მომავლისთვის“ გაერთიანებით საერთაშორისო ქსელის ქართული წარმომადგენლობა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს თავის სურვილს და მიზანს, რომ ხელი შეუწყოს ქალების გაძლიერებას ბიზნესში და კონსულტაციები გაუწიოს ქალ მეწარმეებს ბიზნესის დაწყებისა თუ განვითარების ნებისმიერ ეტაპზე“,- ამბობს ნათია აქულაშვილი.

ნათია მუდმივად ცდილობს განვითარდეს, ის ამჟამადაც აგრძელებს სწავლას ფრანგულ უნივერსიტეტში Grenoble Ecole de Management, ბიზნესის მართვის მიმართულებით. მანამდე საქართველოს რამდენიმე უნივერსიტეტში მიიღო განათლება. მისი ინტერესი მხოლოდ ფინანსებით არ შემოიფარგლება და ცდილობს გამოცდილება Luxury Management-ის მიმართულებითაც მიიღოს. ნათია ასევე ფლობს INSIDE LVMH-ის სერთიფიკატს Luxury Management-ის მიმართულებით.

„აუცილებლად უნდა ხედავდე მიზანს, გჯეროდეს საკუთარი თავის, სწორად დაგეგმო ფინანსები და მუდმივად განვითარდე“,- ეს არის მთავარი, რასაც ნათია სტარტაპერებს  ურჩევს.

სჯერა, რომ ქალებს შეუძლიათ ეკონომიკისა და ბიზნესის გაჯანსაღება, მანამდე კი ფინანსური გაძლიერებაა მნიშვნელოვანი, რისთვისაც დასაქმებისთვის საჭირო, საბაზისო, უნარების ცოდნაა აუცილებელი.

„მსგავსი უნარების განვითარებაში ქალებს ძალიან ეხმარება ისეთი ორგანიზაცია, როგორიცაა „ქალები მომავლისთვის“. ცოდნა აუცილებელია, მაგრამ არა საკმარისი. უმნიშვნელოვანესია, მოტივაციაც, რასაც ბიზნესფედერაცია ქალებს სხვადასხვა ტრენინგის საშუალებით გადასცემს. ეს ყველაფერი კი ეხმარება ქალებს გახდნენ უფრო თავდაჯერებულები და გაბედულები საჭირო მიზნების მისაღწევად“,- ამბობს ნათია.