წევრები
ქეთევან ჟვანია-ტაისონი
ID Institute
თანადამფუძნებელი

ცვლილებები საკუთარი თავიდან იწყება - ეს არის ქეთევან ჟვანია-ტაისონისთვის მთავარი სლოგანი. ქეთევანი ID Institute-ის (განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტის) თანადამფუძნებელი და ტრენერია.

ID Institute-ი პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირებული კურსებისა და მასტერკლასების პლატფორმაა. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს საზოგადოების განვითარებას სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო პროგრამებისა და სერვისების მეშვეობით.

ქეთევანმა ტრენერობა 1993 წელს დაიწყო, როცა ეს სფერო საქართველოს რეალობისთვის გამორჩეულად უცხო და იშვიათი იყო. 10 წლის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის პროგრამას გეგმავდა და ახორციელებდა, რომლებიც სწორედ პიროვნულ განვითარებაზე იყო ორიენტირებული. 2000 – 2003 წლებში მიწვეულ ტრენერად მუშაობდა სტრასბურგისა და ბუდაპეშტის ახალგაზრდულ ცენტრებში.

შემდეგ იყო 10-წლიანი წყვეტა კარიერაში, რადგან საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა და ამერიკაში გადასახლდა. 2013 წელს სამშობლოში დაბრუნების შემდეგ არაფორმალური განათლების ახალგაზრდულ ცენტრში „მზიანი სახლი“  განაგრძო საქმიანობა. ბიზნეს ტრენინგების ჩატარება 2015 წლიდან დაიწყო და ძირითადად ორგანიზაციებში გუნდის შეკვრისა და რბილი უნარების (Soft Skills) განვითარების მიმართულებით მუშაობს.

„ვფიქრობ, ჩემს კარიერაში ჩავარდნა იყო სწორედ ის 10 წელი, რომელიც შტატებში გავატარე. მართალია, უნივერსიტეტში ვსწავლობდი და უზარმაზარი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო ჩემს განვითარებაში პროფესიული კუთხით, თუმცა როცა საქართველოში, დავბრუნდი მხოლოდ რამდენიმე ადამიანი მიცნობდა“,- ამბობს ქეთი ჟვანია-ტაისონი.

რაც შეეხება განათლებას, ქეთევანს დასრულებული აქვს საქართველოს ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი, ფიზკულტურის მასწავლებლის სპეციალობით. ამერიკაში ყოფნისას კი ფლორიდის უნივერსიტეტში სოციოლოგია და გენდერი ისწავლა, 2014 წელს ერიქსონის საერთაშორისო ინტიტუტში „ქოუჩინგის ხელოვნება და მეცნიერება“ გაიარა. ნანობს, რომ, როგორც ტრენერმა, აშშ-ში არ იაქტიურა და იქაურ პროფესიონალურ წრეებში თავის დამკვიდრებაზე არ იმუშავა. სამაგიეროდ, დღეს აქვს დიდი გეგმები და სჯერა, რომ მას, როგორც ქალს, შეუძლია იყოს როლური მოდელი, როგორ შეიძლება საკუთარი თავის ტრანსფორმაცია და ამ გზით საზოგადოების შეცვლა ჩვენს გარშემო.

„მიმაჩნია, რომ ნებისმიერ საქმეში წინსვლისთვის, საჭიროა თანამოაზრეთა შორის ყოფნა, საჭიროა უფრო გამოცდილი და წარმატებული ადამიანების გაცნობა, მათი გამოცდილების გაზიარება, მათთვის მენტორობის თხოვნა. მჯერა, რომ ორგანიზაციაში „ქალები მომავლისთვის“ შევხვდები ქალებს, რომლებიც ჩემი ინსპირაცია იქნებიან და რომლებისგანაც ბევრი შემიძლია ვისწავლო, რათა უფრო წარმატებული გავხდე და მეტ ადამიანს მოვუტანო სარგებლობა“,- ამბობს ის.