წევრები
რუსუდან ანდღულაძე
TechproDC
ბიზნესის განვითარების დირექტორი საქართველოში

„მთავარია გამბედაობა, სწავლის სურვილი და რწმენა იმის, რომ ბევრი შრომით ყველაფერი გამოვა. არ შეუშინდეთ გამოწვევებს და ამის გამო არ გაჩერდეთ, ისინი ხვალ გაკვეთილებად გადაიქცევიან, თქვენ კი - საუკეთესო შედეგთან ერთად, საუკეთესო გამოცდილება დაგიგროვდებათ,“ - ამბობს TechproDC-ის ბიზნესის განვითარების დირექტორი საქართველოში - რუსუდან ანდღულაძე.

კომპანია TechproDC უახლესი საინფორმაციო ტექნოლოგიების პროდუქტების, გადაწყვეტილებებისა და სერვისების მიმწოდებელია ამიერკავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.  ეს არის რეგიონში ლიდერი კომპანია სისტემური ინტეგრაციის, კიბერუსაფრთხოების, მონაცემთა ცენტრების აპარატურის, ქსელური გადაწყვეტილებების და პროგრამული უზრუნველყოფის, ასევე IT საკონსულტაციო და აუთსორსინგის სერვისებში.

გარდა მიმდინარე საქმიანობისა, რუსუდანი თანამშრომლობს ორგანიზაციასთან „ბიზნესი ქუსლებზე“ (Business In Heels), რომელიც 600 000 დასაქმებულ ქალს აერთიანებს მსოფლიოს მასშტაბით.

18 წლის ასაკში, ორთვიანი სტაჟირებით მოხვდა „ბორჯომის“ მწარმოებელ კომპანიაში. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ დოკუმენტაციის და შეხვედრების თარგმნა ევალებოდა, მალევე სრულად ჩაერთო თითქმის ყველა მნიშვნელოვან პროცესში და სტაჟირება სრულფასოვან თანამშრომლობაში გადაიზარდა.

როგორც ამბობს, ყოველთვის იტაცებდა სიახლეები და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა ბიზნესპროცესების მართვის გაადვილებისთვის.  ასე მოხვდა 15 წლის წინ IT ინდუსტრიაში, „სადაც არცერთი დღე ერთმანეთს არ ჰგავს და პაუზა არ გეპატიება.“

ამბობს, რომ გუნდური ტიპაჟია. მისი კარიერული მიღწევები მისთვის კომპანიის მიღწევებია და პირიქით. ეამაყება, რომ სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაციაში ბიზნესის პროცესების ავტომატიზაციაში, კიბერუსაფრთხოების დანერგვასა და IT ინფრასტრუქტურის შენებაში მონაწილეობს და  ასევე, ჩართულია ახალი მწარმოებლების მოძიებასა და საქართველოში მათი შემოყვანის პროცესებში. ეამაყება ის ფაქტიც, რომ ქართული პროდუქციის ექსპორტი და ქვეყნის მიღწევების უცხოეთისთვის გაცნობა კარიერის მანძილზე მრავალჯერ წარმატებით შეძლო.

რუსუდანის თქმით, მარცხიც ბევრი ყოფილა: ბევრჯერ არ ეყო გამბედაობა ან/და გამოცდილება, ბოლომდე ებრძოლა მაშინდელი გადასახედიდან თითქმის „უტოპიური“ გადაწყვეტილებების დანერგვისთვის. „მარცხი რომ საუკეთესო გაკვეთილია, ეს ცხადია, შესაბამისად, მთავარი ამოცანა ამ დროს  დაცემიდანაც ახლის სწავლის შესაძლებლობაა ხოლმე და მეც ვცდილობ, ასე მოვიქცე,“ - განმარტავს რუსუდანი.

ახალგაზრდებს ურჩევს, რომ სწავლა სამსახურისგან არ გამოყონ, რადგანაც ორივე მუდმივი პროცესია - „არასოდეს შეწყვიტოთ სწავლა და არასოდეს გამოგელევათ სასურველი საქმე.“

სამომავლო გეგმებიც განვითარებას და ინოვაციას უკავშირდება. კომპანიის მიზანი ქართულ ბაზარზე კიდევ უფრო მეტი ტექნოლოგიებში ლიდერი  კომპანიის შემოყვანა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სრული სპექტრის დაფარვაა.

მისი ხედვით,  ქალი, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ის დასაქმებული, უკვე ფლობს მენეჯერულ თვისებებს: მრავალმხრივი აზროვნება, შორსმჭვრეტელობა, ინტუიცია, რამდენიმე საქმის ერთად წარმატებით  განხორციელება ის საფუძვლებია, რომელზედაც შესაბამისი განათლების  „დაშენებით“,  ეკონომიკაში, ბიზნესში, სოციალურ ცხოვრებაში ბევრი სასიკეთო ცვლილების მოტანა შეუძლიათ. 

როგორც ამბობს, კომპანიის დამფუძნებელი აზერბაიჯანელი ქალბატონი  ნიგერ ჰასანოვაა, რომელიც მუდმივად არღვევდა სტერეოტიპებს: დაასრულა ქალისთვის იმ დროს არაპოპულარული აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, იყო საჭადრაკო ნაკრების წევრი, მრავალი სპარტაკიადის გამარჯვებული და მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილე.  მისი კარიერული გზა ფინანსურ და ტურისტულ სექტორებში მენეჯერულ პოზიციებს მოიცავდა. შემდეგ კი შექმნა კომპანია „TechproDC”  და მისი წარმატებული, მზარდი ბიზნესი ნათელი  მაგალითია, თუ რისი მიღწევა შეუძლიათ ქალებს ტექნოლოგიებში.

ბიზნესფედერაციასთან „ქალები მომავლისთვის“ შემოერთებას ასე განმარტავს: „ქალბატონი ნიგერთან ერთად ჩვენ სრულად ვიზიარებთ ორგანიზაციის მიზნებს და  სურვილი გვაქვს, ჩავერთოთ ქალების გაძლიერების ყველა იმ პროცესში, რომელსაც ორგანიზაცია ახორციელებს, განსაკუთრებით კი, საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით, როგორც საქართველოში, ასევე აზერბაიჯანსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, სადაც არანაკლებ მტკივნეულად დგას ქალთა თანასწორობის და ჩართულობის საკითხები.“