/News

ფედერაცია “ქალები მომავლისთვის” აშშ-ის ელჩს საქართველოში რობინ დანიგანს შეხვდა

12/03/2024

ბიზნესასოციაციის წევრები აშშ-ის ელჩს საქართველოში რობინ დანიგანს საქმიანი ლანჩის ფორმატში შეხვდნენ, სადაც “ქალები მომავლისთვის” საქმიანობისა და ბიზნესის წინაშე არსებული მთავარი გამოწვევების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. 

კერძო სექტორისთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა საკითხთან ერთად, იმსჯელეს ისეთი თემებზე, როგორებიცაა: საინვესტიციო გარემო საქართველოში, განათლება და კვალიფიციური კადრების დეფიციტი, გენდერული თანასწორობა და კვოტირება. დიპლომატთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

აშშ-ის ელჩმა ხაზი გაუსვა წამოჭრილი საკითხების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ საჭიროა, ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავება. 

რობინ დანიგანმა განსაკუთრებულად გამოყო ქალების ეკონომიკაში ჩართულობის აუცილებლობა და აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები არაერთი პროგრამით ცდილობს საქართველოში ქალების გაძლიერებას, მათთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და გენდერული თანასწორობის მიღწევას. 

“თანასწორობა ნიშნავს, რომ ქალებსა და მამაკაცებს არჩევანის თანაბარი შესაძლებლობები უნდა ჰქონდეთ; და თუ ქალები გადაწყვეტენ, რომ კარიერის გაგრძელება ამა თუ იმ სფეროში სურთ, მათ ზუსტად ისეთივე შესაძლებლობები უნდა გააჩნდეთ, როგორიც კაცებს: ეს ნიშნავს, რომ ისინი უნდა იღებდნენ ისეთივე ანაზღაურებას, როგორსაც კაცები და არ უნდა იყვნენ დისკრიმინაციის მსხვერპლი მათი სქესის გამო”,- განაცხადა ელჩმა.